
"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ეს ჩვენი ტრაგედიაა - ხალხი დავკარგეთ, ჩვენი ქალაქები დაინგრა. ამიტომ, ჩვენი მხრიდან კომპრომისები არ იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა აგრესორთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე საუბრისას.
მისი თქმით, მთავარი უსაფრთხოების ფაქტორია.
„დღეს ბევრმა სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა კონტინენტიდან გამოაცხადა მომავალი გარანტი. ბევრი ტექნიკური საკითხია, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ეს იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმის ან სხვა რაიმე უსარგებლო დოკუმენტის ანალოგი. ჩვენ გვინდა გარანტიის ხელშეკრულება რატიფიცირებული იყოს იმ ქვეყნების პარლამენტების მიერ, რომლებიც ხელს მოაწერენ მას, ეს მნიშვნელოვანია.“, - განაცხადა ერმაკმა.
გარდა ამისა, ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს აზოვსტალის მცველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ნამდვილად ცოცხლები არიან
„ჩვენ ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. რაც შეეხება პირობებს, ეს საკითხიც მონიტორინგს ექვემდებარება. ჯერ გარკვევით ვერ ვიტყვით რა პირობებში. არის კავშირი ზოგიერთ პატიმართან. გათავისუფლების პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა ერმაკმა