
Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა ამბობს, რომ 20 ივნისს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. მისივე თქმით, მიზეზი, თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში არ განუმარტავთ.
"საქართველოში შესვლა ამიკრძალეს.უმიზეზოდ. თბილისის გარდა სახლი არ მაქვს, იქ მყავს ჩემი მეგობარი ბიჭი და ბინა", - წერს ოლგა ბორისოვა Twitter-ზე.
აქტივისტი ევროპული ტურნეს შემდეგ ამსტერდამიდან თურქეთის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა. თბილისის აეროპორტიდან ის სტამბულში გააბრუნეს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ლარსის გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში იყო გაჩერებული. მისი მონახულების საშუალება არ მიეცა ომბუდსმენის რწმუნებულს.