ევროპარლამენტარები ოლიგარქს მწვავედ აკრიტიკებენ, "ოცნება" კი იმიჯის შენარჩუნებისთვის მილიონებს იხდის

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავა პოლიტპატიმარია! - ამ წარწერითა და ფოტოებით გამოხატეს ოპოზიციის ლიდერებმა  სოლიდარობა ევროპარლამენტში. ფოტოები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომაზე გამოფინეს, სადაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ შესწორებებზე მსჯელობენ. დოკუმენტი უგულავას დაკავების პოლიტიკურ მოტივს ეხება.

არჩილ თალაკვაძის ამერიკული ვოიაჟის შემდეგ მმართველი გუნდი პარტიის ლიდერებს  ევროპარლამენტში აგზავნის. კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დალაგებას და „ქართული ოცნების“ განადგურებული იმიჯის გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ შედეგი საპირისპიროა.

ევროპარლამენტარების კრიტიკა სულ უფრო მწვავდება. აღარ ერიდებიან ღიად გამოხატონ საკუთარი მოსაზრება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიზისული და პოლარიზებული გარემოა. პასუხისმგებლობას კი ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არა ხელისუფლება არამედ ოლიგარქი იღებს.

საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის გარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც საუბრობენ, მათი შეფასებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არ უნდა ტოვებდეს პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას. მას არ უნდა იყენებდნენ შურისძიებისთვის.

ევროპარლამენტარების განცხადებებს, საქართველოში არსებული მმართველობით რომ შეშფოთებული და იმედგაცრუებული არიან, არ იზიარებენ მმართველ გუნდში. განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროპელი კოლეგები კობა ლურსმანაშვილმა, რომელმაც ისინი  სუვერენული ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. 

დეპუტატების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ,,ქართული ოცნების'' კრიტიკას დაქირავებული ლობისტები გაანეიტრალებენ. უშველის თუ არა „ქართულ ოცნებას“ ლობისტების დაქირავება და მილიონების გადახდა, ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება კრიტიკის ახალ ტალღას ელოდება და გააქტიურების მიზეზიც ესაა.

დღეს კრიტიკა მხოლოდ ევროპარლამენტარების მხრიდან არ ისმოდა. წერილი მწვავე შეფასებებით ამერიკელმა კონგრესმენმაც გაავრცელა. რენდი ვებერი წერს, რომ უერთდება თავის კოლეგებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობით, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და ოპონენტების პოლიტიკური დევნით. ვებერის წერილის ასლები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრებსაც  გაეგზავნათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი