მოძრაობა სირცხვილიას ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ახალ სახალხო მოძრაობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ მისი თქმით, საერთო მიზნის მისაღწევად საჭიროა გაერთიანდეს ყველა ტიპის რესურსი, ძალა და იდეა.
როგორც მჟავანაძემ თქვა, 24 ივნისამდე, სანამ ევროპული საბჭო სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო პოზიციას გამოაცხადებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაცია გაიმართება.
"ჩვენ სხვადასხვა სამოქალაქო მოძრობები, მათ შორის სირცხვილია, ვთვლით, რომ არავის აქვს პასუხისმგებლობის აღების საშუალება და უფლება დამოუკიდებლად, ამიტომ საჭიროა გაერთიანდეს ყველა ტიპის რესურსი, ძალა, იდეა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ევროინტეგრაციისკენ გზაზე. ვიცით, რომ 6 თვე გვაქვს დარჩენილი წარმატებას მივაღწიოთ ამ გზაზე, ჩვენ წინაშე შეიძლება წარმოდგენილი იყოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ჩვენ მიზნად უნდა დავსახოთ, რომ ეს ვალდებულებები შევასრულოთ, მეორეს მხრივ ვიცით, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს მზაობას დემოკრატიული რეფორმები გაატაროს ქვეყანაში. ეს მოძრაობა უნდა აერთიანებდეს ყველა ჯგუფს, რომელსაც შესწევს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, ყველამ უნდა შეიტანოს ამაში წვლილი. 24 რიცხვამდე გაიმართება ძალიან აქტიური კონსულტაციები ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც გამოხატავს მზაობას, რომ ახალ სახალხო მოძრაობაში ჩაერთოს",-თქვა გიორგი მჟავანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, მოძრაობა სირცხვილიამ 24 ივნისს მომდევნო აქცია დააანონსა და ახალი სახალხო მოძრაობა დააფუძნა.