საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს და იყოს იმ წერილის ადრესანტი, რომელიც ევროკავშირში გაიგზავნება. ამ თემაზე მედიასთან კომენტარი ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გააკეთა.
"გუშინდელ აქციაზე ვისაუბრეთ ძალიან მოკლედ, ბუნებრივი, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ ფასის გადახდას, რასაც იხდის საქართველოს მთავრობის შეცდომებისთვის. თვლის, რომ ჩვენი ერთადერთი გზა, რომელიც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში არის მყარად არჩეული ევროპული ინტეგრაციის გზა და თვლის, რომ მთავრობა ამ გზაზე დაბრკოლებების შექმნას ცდილობს მიზანდასახულად და არა შემთხვევით. მიაჩნია, რომ ქართველ ხალხში არის შესაბამისი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ხელში აიღოს საზოგადოებამ საკუთარი ბედი და თვლის, რომ ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია.
ბატონი პრეზიდენტის ინიციატივასაც მიხეილ სააკაშვილი მიესალმება, ეთანხმება ამ წერილსაც და მიხეილ სააკაშვილი მზად რის შეუერთდეს და იყოს ამ წერილის ადრესანტების ნაწილი", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აქვს ინიციატივა, რომ ევროკავშირში ერთობლივი მიმართვა გაიგზავნოს. ტექსტში აღნიშნული იქნება, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, მნიშვნელოვანია მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ამის შემდეგ კი ქვეყანას დაეკისროს, იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.