
თბილისის მერი, კახი კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ 20 ივნისს გამართული აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული და მოძრაობა "სირცხვილიას" პარტიის ახალგაზრდულ ფრთას უწოდებს.
კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დააზუსტა, რომ აქციაზე მყოფი ყველა ადამიანი ნაციონალი არ იყო. მისივე აზრით, აქცია რეალობას არ ასახავს, რადგან ევროპას, ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
"კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია. არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! სირცხვილი ვის წარმოადგენს?! ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ?! ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მისი ახალგაზრდული ფრთის, რომელსაც სირცხვილია ჰქვია, მათ მიერ იყო ორგანიზებული. მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები", - თქვა კახი კალაძემ.
"ქართული ოცნება" აქციის გამართვამდეც აცხადებდა, რომ 20 ივნისის აქცია, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" იყო. დღეს მმართველმა პარტიამ რიტორიკა შეცვალა და ამბობს, რომ აქციას მათი მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ.