ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის ოქროს მოწმე კამერებს ემალება. მიხეილ ქარელი საქალაქო სასამართლოს შენობაში მზის სათვალით გადაადგილდებოდა იმისთვის, რომ ჟურნალისტებს არ ეცნოთ და არ დაესვათ მთავარი კითხვა - რის სანაცვლოდ მისცა ცრუ ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას.
ქარელი კამერების წინ ვერ იხსენებს, სად იმყოფებოდა სუფრაზე ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად 15 წლის წინ, სადაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საიდუმლო გაუმხილა და უთხრა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების ბრძანება მისი მიცემული იყო.
ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არ არის ერთადერთი გზა, რითაც მიხეილ ქარელი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუპირისპირდა. ოქრუაშვილის ძველი მეგობარი ახლა მისთვის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისის წართმევას ცდილობს. ქარელი ამტკიცებს, რომ შენობა, რომელი ოქრუაშვილმა 2007 წელს იყიდა, მასაც ეკუთვნის და წილი უნდა გადაიფორმოს.
ქარელი „ოცნების“ იარაღია ოქრუაშვილის წინააღდეგ, ამბობენ ოპოზიციის დაკავებული ლიდერის პარტიაში. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ხელისუფლებას ქარელი ახლა სჭირდება ცრუ ჩვენებებისთვის, ამიტომ გაურიგდა და სანაცვლოდ ფულს აძლევენ, ბოლო სერიაში კი შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელებენ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ მიხეილ ქარელის ჩვენება 2019 წლის 13 დეკემბრით თარიღდება. შიდა ქართლის მედია უკვე აქტიურად წერს, რომ სწორედ ამ ჩვენების სანაცვლოდ მიხეილ ქარელი „ქართული ოცნებისგან“ პოლიტიკურ ჯილდოს მიიღებს და 2020 წელს გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართული ოცნების სიით იყრის კენჭს.