ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კოვიდ ტესტირების დროს შეცდომებია დაშვებული - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არასწორი დიაგნოზი კერძო ლაბორატორიებმა დასვეს, განმეორებითმა ანალიზებმა კი სხვა შედეგი აჩვენა. ქვეყანაში სულ 19 ლაბორატორია მუშაობს.
მოსალოდნელია თუ არა პანდემიის მეორე ტალღა და დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები - ამ თემებზე განცხადებები საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა. ინფექციონისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, მეორე ტალღის დროს ძალიან მკაცრი შეზღუდვები აღარ დაწესდეს, მაგრამ გარკვეული რეკომენტაციების დაცვა საზოგადოებას მაინც მოუხდება.
თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც ახლა, მაშინ კორონას მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. ჩვენ ამ ვირუსს ნაკლებად ვიცნობთ, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა, - აცხადებს პაატა იმნაძე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, მათ შორის, სასტუმროებშიც.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
ქვეყანაში მაინც რჩება რიგი შეზღუდვები, როგორიც კვლავ დაკეტილი ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.