
"ქართული ოცნება" ისევ რუსთაველზე გამართული მრავალათასიანი აქციის დისკრედიტაციას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაწერილ მესიჯბოქსს ახლა უკვე რეგიონული ლიდერები პრორუსული არხების ეთერებში აჟღერებენ.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ "დიდი ხნის წინ მომზადებული სპექტაკლი" უწოდა აქციას, რომელსაც უამრავი ადამიანი პროდასავლური არჩევანის გამო შეუერთდა. ის თავს დაესხა ევროპარლამენტარებს და კრიტიკულ მედიასაც.
"ვინ არის ევროპარლამენტარი? ჩემნაირი ადამიანია. ჩვენ სანამ იმას არ შევეჩვევით, რომ კონსტრუქციულად, ვიღაც, რომელიც შენს მთავრობას, ხელისუფლებას და შენს ქვეყანას ძირს უთხრის და არასწორი გზისკენ გითითებს, და იმას ჩვენ არ გავაკრიტიკებთ და არ გვექნება პასუხი, რა ევროკავშირზეა ლაპარაკი? აზიაც მეტია ჩვენთვის რა...
დამიჯერეთ, იქ ძალიან ბევრი იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ ვიცი, ვისაც აქვს ანალიზის უნარი, უნდა გააანალიზოს. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც დიდი ხანია მზადდება", - თქვა დავით რაზმაძემ.
მას არც ოცნების სხვა წევრები ჩამორჩნენ. "ოცნების" ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, მიშა გოგინაშვილმა 20 ივნისის აქციის მონაწილეებს სვავები უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა სამგორის გამგებელ კახა სამხარაძეს, რომელმაც აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს.
"ორმაგად სამწუხაროა, როდესაც პუტინის რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქში რუსულ პროპაგანდას ეწევიან ოცნების მაღალჩინოსნები. უშუალოდ კობახიძის დავალებით, გორის საკრებულოს თავმჯდომარე რაზმაძე, ახორციელებს რუსულ პროპაგანდას. სამწუხაროა, როდესაც ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ხოლო ოცნების შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირების პროპაგანდა ემსახურება საბჭოთა კავშირში დაბრუნებას", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბადრი ბასიშვილმა.