
თალიბანის ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 920 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით დაშავდა. დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლი მინიმუმ 250 ადამიანი იყო.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს მეწყერი და დანგრეული სახლები აღმოსავლეთ პაქტიკას პროვინციაში, სადაც მაშველები ცდილობენ დაშავებულების გადარჩენას. შორეულ რაიონებში ვერტმფრენებით ცდილობენ მოქალაქეების საავადმყოფოებში გადაყვანას.
თალიბანის ლიდერმა, ჰიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ ასობით სახლი დაინგრა და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 600 დაშავდა. ეს ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო მიწისძვრაა.
მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში მოხდა.