პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "ლელოს" წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ მათ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს "განზრახვა ჰქონდა, ოლიგარქი ბიზნესმენი გამხდარიყო".
ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების გამო, მთავრობისგან მილიარდ 500 მილიონ დოლარს ედავება, რაც "ოლიგარქობის ნათელი მაგალითია".
"ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის ვის? მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ქალბატონი ნაცვლიშვილი - ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ რომ ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით... ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის, რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი. ეს არის რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობისა", - მიმართა ღარიბაშვილმა "ლელოს" დეპუტატებს.