პარტიების დაფინანსება, სარეკლამო დრო, ქალთა კვოტირება, დისტანცია საარჩევნო უბნებთან -
პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. უმრავლესობის წარმომადგენელთა მტკიცებით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება.
ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ. მმართველი პარტიის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსყიდვასა და ძალადობასთან მიმართებით, ახალ საარჩევნო კოდექსში არაფერია ნახსენები. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, მოსყიდვის ფაქტებზე არასდროს არავინ დასჯილა.
ცვლილებების ავტორი ირაკლი კობახიძე გახლავთ, რომლიც ამბობს, რომ კოდექსში მოსყიდვის თემაზე გამკაცრებული რეგულაციებია ჩადებული.
ძალიან დიდი თანხები - შავი რესურსები იხარჯება ქართულ პოლიტიკაში. ამის კონტროლი არ არის მარტივი, - განმარტავს კობახიძე.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ საარჩევნიო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 25-მეტრის რადიუსით ამომრჩევლის გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული და საჭიროა შესწორებების შეტანა.
სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობას დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირებაც მოჰყვა. მმართველმა პარტიამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გააკრიტიკა, რის პასუხადაც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" საუბრობს კომუნისტური პარტიის ენაზე.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო. ხვალ კი საკანონმდებლო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.