"ქართული ოცნების" წევრი, ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და რომ ქვეყანაში კანონის აღსრულებაზე ზემოქმედებას ვერავინ იქონიებს. მისივე აზრით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესაძლოა ხელისუფლებამ რაღაც "დააკლო", მაგრამ წლის ბოლომდე ყველაფერს გააკეთებენ.
"ჩვენთანაც ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს პარლამენტში, ევროპარლამენტში არ არის ოპოზიცია?! [საფრანგეთის მინისტრიც ამას ამბობს] რა მნიშვნელობა აქვს, ყველას თავისი აზრი აქვს. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობს, ყველას აბსოლუტურად თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიყენებული აქვს მუხლი, რომლითაც ისინი აგებენ პასუხს, არავითარ შემთხვევაში ამაზე ვერავინ ზემოქმედებას ვერ განახორციელებს იმიტომ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ეს ქვეყანაა და ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს კანონები.
[ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად?] რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად გააკეთა, შეიძლება რაღაცა დავაკელით, შეიძლება ვერ განვახორციელეთ ისე, ამიტომ არის დრო, მოგვცეს და ამიტომ წლის ბოლომდე ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ", - თქვა ბეჟან წაქაძემ.
ცნობისთვის, დღეს იმართება ევროკავშირის სამიტი, სადაც ლიდერებმა სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.