ელენე ხოშტარიამ "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორები დაასახელა და მათი სანქცირება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორები დაასახელა და მათი სანქცირება მოითხოვა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ქვემოთ ჩამოთვლილი პროკურორები ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ. 

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

"ოთარ ფარცხალაძე არის ერთი მხრივ ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, რაც მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი "დამსახურება" ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი. 

ის პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომლის გადაყენებაც მოუწიათ ხორავას საქმის გამრუდების გამო, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი - ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე - ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და ღარიბაშვილის ორჯერ თქმა არ სჭირდება ისე ასრულებს პოლიტიკურ დავალებას.

ჯარჯი წიკლაური - არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამასა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ მონაწილე იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გადმოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები, ესენია: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.

მიხეილ სადრაძე - მან აღძრა "კარტოგრაფების საქმე". აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და იყო ჩართული ამ რუსულ სპეცოპერაციებში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.

ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. „რუსთავი 2“-ის საქმე, ნიკა გვარამიას საქმე, კარტოგრაფების საქმე, ნიკა მელიას საქმე - ანუ პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.

რევაზ ბაღაშვილი - შედარებით ჩრდილში მყოფი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ჰყავს ღირსებული ბიზნესმენები, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი