გიგი უგულავას შემდეგ ნიკა მელია - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. პროკურატურა ოპოზიციის ლიდერისთვის შვიდწლიან პატიმრობას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია ერთხელ უკვე გაამართლა და დამნაშავედ მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო. სასჯელის სახით მელიას 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. დღეს ხდება ცნობილი, რომ პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.
ნიკა მელიას ადვოკატი საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს. მისი თქმით, საქმეს არა სააპელაციო სასამართლოს კოლეგია, არამედ ერთპიროვნულად, მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს. უფლებადამცველის განმარტებით, ვეფხია ლომიძე სასამართლოს მმართველი კლანის ფავორიტი და არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლეა.
„პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა 30 დეკემბერს 2019 წლის და სხდომა ჩანიშნულია ამ წლის 10 მარტს. საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე ვეფხია ლომიძე. ასეთ რთულ და მრავალტომიან საქმეებს, როგორც წესი, პალატა იხილავს ხოლმე, სამი მოსამართლის შემადგენლობით და ამ შემთხვევაში ჩემთვის ცოტა უცნაურია ერთი მოსამართლე რომ განიხილავს. ჩემი მოლოდინი როგორც ადვოკატის, ჩემი საჩივრით ვითხოვთ, რომ გამართლდეს იმ ბრალდებაშიც, რომელშიც ნიკანორ მელია დამნაშავედ სცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე უკვე აღარ ვიცი, რას უნდა ველოდო,“- განაცხადა ადვოკატმა.
სასიკეთო პროგნოზს ვერც ოპოზიცია აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის პირად შურისძიებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას გიგი უგულავას მსგავსად, პატიმრობაში გაუშვებს.
„სასამართლო არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც გიგის შემთხვევაში მაგალითად, თადუმაძე ხან პროკურორის როლში გვევლინებოდა და ხან უზენაესი სასამართლოს მანტია მოსხმული უკვე გადაწყვეტილებას იღებდა. ზუსტად იგივენაირად შეუძლიათ ყოველგვარი პროცედურული დარღვევით მიიღონ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით თუ ეს მოისურვა ივანიშვილმა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.