ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ყოფილი ელჩები და დიპლომატები გამოეხმაურნენ, მათ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ისინი ამბობენ, რომ ახლა თითოეული დიპლომატის ვალია პროცესში ჩაერთოს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ისინი ხელისუფლების მიერ დანიშნულ ელჩებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ მიმართვას.
"ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა - უზრუნველეყოთ არსებულ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა", - თქვა დიპლომატმა, გიგი გიგიაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერი, შოთა ღვინერია ამბობს, რომ ხელისუფლება განგებ დგამს ნაბიჯებს, რათა კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა არ იქნას მიღწეული.
დღეს დიპლომატები მოქალაქეებთან ერთად რუსთაველზე, 20:00 საათზე აქციაზე მივლენ.