ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში ბორდერიზაციას განაგრძობენ. შეიარაღებული ოკუპანტები მთის ფერდობზე, მორიგ სათვალთვალო კოშკურას აშენებენ, რომლის შედეგადაც სოფლის სრულად გაკონტროლებას შეძლებენ.
ბორდერიზაციის განახლების პროცესი, ადგილობრივებმა დააფიქსირეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია მას შემდეგ დაადასტურა რაც, ადგილობრივების მიერ გადაღებული კადრები "მთავარი არხის" მეშვეობით გავრცელდა.
სოფელში სიგნალი სრულად არის ჩახშობილი.
"რამდენიმე დღეა დაბოგინობენ ზეგანზე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ დიდი კამაზით რაღაც დაცალეს, ალბათ ქვები დაცალეს. დღეს გამოჩნდნენ დილიდან და მუშაობენ. გვითხრას ხელისუფლებამ, რომ დავმშვიდდეთ რას აკეთებენ, აგვიხსნან მოვიდნენ და თქვან, რომ აი რაღაცას აკეთებენ.. გვითხრას ხელისუფლებამ, დაგვაწყნაროს, დაგვამშვიდოს რომ არ გადმოვა და მესვრის" - ამბობს ადგილობრივი, ლუდა სალია, რომელმაც ოკუპანტებს მათივე ენაზე მიმართა, რომ დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
სუსი ადასტურებს, რომ ბორდერიზაციის პროცესი რუსი ოკუპანტების მიერ განახლებულია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.