ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს არაა ჩვეულებრივი რიგითი მოვლენა, რომელზეც გაჩუმება, მით უფრო ამ ყველაფრის თანამონაწილეობა გულს არ გჭამდეს, სინდისს არ გიფორიაქებდეს.
თოლორაია აცხადებს, რომ თუ ვინმე ვერ ხდვება რა დევს სასწორეზე ცოტა მეტი უნდა იმეცადინოს. ის ყველას მოუწოდებს კიდევ ერთხელ ჰკითხონ საკუთარ თავს - "სად იდექით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა".
"ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა: რამ მიგვიყვანა აქამდე, რა ნაბიჯებმა, ვისი ბრალია და ა.შ., მაგრამ ეხლა მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში: ერთ ადამიანს მაინც როგორ არ აღმოაჩნდა საკმარისი ინტელექტი, გამბედაობა, შეგნება, სინდისი, ნამუსი, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე ეთქვა უარი. ზუსტად ვიცი, ხართ რამდენიმე ადამიანი მაინც, ვისაც ეს ვითარება დისკომფორტს გიქმნით და ზუსტად იცით რომ საქმე მოსალოცად არაა.
15 წელი ვიყავი საჯარო მოხელე და ვიცი რა არის თავშეკავება, საჯარო მოხელეობის გამო რაღაცეებზე უარის თქმა. ისიც ვიცი, რომ არაა მარტივი ასეთ დროს გამბედაობა, მაგრამ ეს ხომ არაა ჩვეულებრივი რიგითი მოვლენა, რომელზეც გაჩუმება და მით უფრო, ამ ყველაფერში თანამონაწილეობა გულს არ გიჭამდეს და სინდისს არ გიფორიაქებდეს ადამიანს. ყველა გონიერი ადამიანი ვხვდებით რა დევს სასწორზე. და თუ ვინმე ამას ვერ ხვდებით, ცოტა მეტი უნდა იმეცადინოთ სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში.
მოდით დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხეთ თქვენს თავს: სად იდექით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა", - წერს ლონდა თოლორაია.
ცნობისთვის, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება, სადაც საზოგადოება ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებს.