"ერთადერთი, რასაც საზოგადოება ელოდებოდა ღარიბაშვილისგან ეს არის გადადგომის განცხადება" - ოპოზიციის პასუხი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილს ვერც ერთ სიტყვაში ვერ ვენდობით - ასეთი ოპოზიციის საერთო შეფასება პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე. ოპონენტების განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლება ახლა მორიგი ცრუ დაპირებებით ცდილობს ტემპერატურის დაწევას, რომ ხალხი დღეს ქუჩაში არ გავიდეს. რეალურად კი მათივე თქმით, არაფრის შეცვლას ისინი არ აპირებენ:

"დღეს ერთადერთი, რასაც საზოგადოება ელოდებოდა ღარიბაშვილისგან ეს არის გადადგომის შესახებ განცხადება იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანა განიცდის ასეთ ისტორიულ მარცხს, როგორიც ჩვენ გუშინ მივიღეთ და დავკარგეთ ისტორიული შესაძლებლობა ივანიშვილის და ღარიბაშვილის დამსახურებით, ერთადერთი სწორი პასუხი ეს არის განცხადების დაწერა და წასვლა. 

არ დაგაბნიოთ რუსული მეთოდებით ხელისუფლების ამ პიარ სტრატეგიამ, როდესაც დღეს თქვე უსინდისოდ გატყუებენ, იმიტომ, რომ დარჩეთ სახლში. დღეს უნდა გამოხვიდეთ პარლამენტის წინ და ხმამაღლა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ კმარა ტყუილების საუბარი" ამბობს "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი 

"დღეს ვნახეთ განცხადება, რომ თურმე ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, თურმე საქართველოში სასამართლო თავისუფალია, თურმე პოლიტიკური დევნა არ არსებობს. სინამდვილეში, არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებენ, ლაპარაკობენ დეპოლარიზაციაზე და ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ ბრიფინგზე ის აგრესიული და დაპირისპირებაზე ორიენტირებული რიტორიკა.  მთავარი არის შეკრება, დღეს, 8 საათზე." ამბობს ენმ-ს დეპუტატი, აკო მინაშვილი.  

პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, ქართული ოცნება და კიდევ ერთხელ ქართული ოცნება თავისი პრემიერებით, თავმჯდომარეებით და ივანიშვილებით. დღეს ჩვენ რაც გავიგეთ პრემიერისგან, კვლავ ამბობს,  რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ეს არის პასუხი რეალურად იმ 12 პუნქტზე, რომელიც ევროკომისიამ დადო - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მოსახლეობას დღეს, 20 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ქართული ოცნება ცდილობს სხვებისკენ გაიშვიროს ხელი, ქართული ოცნება ცდილობს ხალხის მტრად დასახოს ყველა, მაგრამ ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება, რომ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაზე, არის მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტარულ კოლაბორაციულ რეჟიმზე" ამბობს "ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი 

საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე - საერთო სახალხო მოძრაობა კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. მოძრაობა სირცხვილია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს 20 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. 

დღესვე,  აქციის  ორგანიზატორები გაასაჯაროებენ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ისინი ევროპული საბჭოს მთავარი მოთხოვნების - დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის შესრულებას აპირებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი