"ქართული ოცნება" გიგი უგულავასა საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციას ეპატიჟება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ ხერხით საერთაშორისო საზოგადოების ვნებათაღელვის ჩახშობას შეძლებენ და უცხოელებს დაარწმუნებენ, რომ გიგი უგულავა ერთი და იგივე საქმეზე ციხეში ორჯერ სამართლიანად მოხვდა.
„სტრასბურგში მყოფმა პარტიის გენერალურმა მდივანმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვა და სხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქმედებით თავის გადარჩენას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს და ასევე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების სურვილს მოჩვენებითად დგამს, რათა საერთაშორისო საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს.