"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ვერსიით, დეოლიგარქიზაციის 3 თეორიული ვარიანტი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ არანაირი კანონი არ იყოს მიღებული.
"ჩვენ აქ სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით: 1. როცა ქართული კანონი შეიძლება დაიწეროს ამაზე 2. შეიძლება დავაკოპიროთ უკრაინული კანონი პირდაპირ და 3. შეიძლება არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება.
კანონი რომ დავაკოპიროთ მაგალითად, უკრაინიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ "ქართული ოცნების" მხარეს არავინ მოხვდება. მათ შორის არც ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი",- თქვა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უფრო ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ჯერჯერობით ამ საკითხზე დისკუსია არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თუ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.