ღია საზოგადოების ფონდი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება ფონდის და კერძოდ, ვანო ჩხიკვაძის უარყოფით როლს ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კობახიძის პროპაგანდა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აშინებს ის ნდობა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში მოიპოვა.
"ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აგრძელებს ცილისწამებლურ კამპანიას ღია საზოგადოების ფონდისა და მისი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის წინააღმდეგ. ასე, ის ცდილობს შექმნას „მტრის ხატი“ და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი პარტიის კრახი ღია საზოგადოების ფონდს, მისი თქმით „სოროსის ფონდს“ გადააბრალოს.
გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება ღია საზოგადოების ფონდის და კერძოდ, ვანო ჩხიკვაძის უარყოფით როლს ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში, მაშინ, როცა უკვე მეორე დღეა ზეიმობს და დიდ გამარჯვებად წარმოაჩენს იმას, რაც საზოგადოებისთვის დიდი გულისტკივილის საგანია.
ჩვენთვის პატივია, რომ გვყავს კოლეგა, რომლის წვლილი ევროინტეგრაციის გზაზე საყოველთაოდ აღიარებულია.
კობახიძის პროპაგანდა კი ადასტურებს, რომ ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აშინებს ის ნდობა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში მოიპოვა.
ჩვენი ფონდისთვის უცხო არ არის თავდასხმები ულტრამემარჯვენე, რუსეთიდან მართული ჯგუფების მხრიდან, ისიც კარგად ცნობილია, რომ დემოკრატიაზე შეტევა ბევრ ქვეყანაში სწორედ ღია საზოგადოების ფონდებზე თავდასხმით იწყებოდა"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კობახიძემ განაცხადა, რომ ვანო ჩხიკვაძე მოღალატეა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, სალომე სამადაშვილთან ერთად, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო აგიტაციაში დაადანაშაულა.