19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან - ასე ხსნის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეცვლილ ჩვენებას.
ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას მზია ქასრაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ის საქმეში ჩაერთო, ახვლედიანს პირველი ჩვენება ადვოკატის გარეშე უკვე მიცემული ჰქონდა. მისივე თქმით, მან ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ხელშეკრულება გაუფორმდა და ახვლედიანის უფლებადამცველი ოფიციალურად გახდა. თუმცა არც ამის შემდეგ, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირველი ჩვენება, არავინ გააცნო.
ერთი იყო ადვოკატის გარეშე მიცემული ჩვენება და მეორე როცა მე ჩავერთე... მოგეხსენებათ, 19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან, საქართველოში ეს მენტალიტეტად არის ქცეული, თუმცა არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ადვილად აღიქვამენ ყველაფერს და სხარტი გონების არიან, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძნელად იხსნებიან და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც ძნელად გასახსნელი ბავშვი აღმოჩნდა და ძნელად გადაიტანა ყველაფერი, - ამბობს ვახო ახვლედიანის ადვოკატი.
მზია ქასრაშვილის თქმითვე, იმ ორი ჩვენებიდან, რომელიც ახვლედიანმა გამოძიებას მისცა, მეორე ჩვენება ბევრად უფრო მოცულობითი და ინფორმაციულია, ვიდრე პირველი.