"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი აქციის ორგანიზატორების მიერ წაყენებული მოთხოვნები "დღის წესრიგს აცდენილია".
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა მისცა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.
"ის, რაც მიტინგზე გაჟღერდა აცდენილია ამ დღის წესრიგს, რომელიც ერთობლივია ევროკავშირის და საქართველოსი. ჩვენ დუღილის ტემპერატურა, რომელიც ვიცით, რა მიზნითაც იყო აწეული, უნდა დავაგდოთ, იმიტომ რომ ევროკავშირმა მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა და კეთილი ვინებოთ, ამ საგზაო რუკის ირგვლივ ვიმუშაოთ. საქართველოში 1987 წლიდან უწყვეტი აქციები გვაქვს, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - მოთხოვნა გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წააყენეს. მათ ბიძინა ივანიშვილს 1-კვირიანი ვადა მისცეს.
მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.