"ლელო" პრემიერის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაწერილი წინაპირობები შესრულდეს. 

"ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც ახლა მოგვეცა, უნდა იყოს გამოყენებული წლის ბოლომდე. ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, "ლელო საქართველოსთვის" მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული.

კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არაპარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ერთადერთი გზა ამისთვის არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გააცნობიერებს, რამდენად მწვავეა შექმნილი ვითარება შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

"ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ "ქართული ოცნება" გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, როგორსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - მოთხოვნა გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წააყენეს. მათ ბიძინა ივანიშვილს 1-კვირიანი ვადა მისცეს.

მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი