უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ევროპარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტზე საბოლოო დოკუმენტი ჩავარდა

გამოქვეყნდა:

პირველად ისტორიაში ევროპარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტზე საქართველოს შესახებ საბოლოო დოკუმენტი ჩავარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დეკლარაცია თანამშრომლობის ისტორიაში პირველად ჩავარდა.

სამადაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი არცერთ შესწორებას, რომელიც წარადგინეს ევროპარლამენტის წევრებმა კომიტეტის საბოლოო დეკლარაციის მისაღებად.

ევროპარლამენტის წევრებმა კი, ოპოზიციის მიერ წარდგენილ ყველა შესწორებას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა.

„ძალიან მძიმე დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს... მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, რომ დასკვნით დოკუმენტს კომიტეტი ვერ იღებდეს. რეალურად რა მოხდა, დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, დაწერა „ქართულმა ოცნებამ“, მიუღებელი აღმოჩნდა ევროპარლამენტის წევრებისთვის, დაახლოებით, 40-მდე შესწორება იქნა წარდგენილი ყველა პოლიტიკური წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, წარვადგინეთ შესწორებები ასევე ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როდესაც მიდიოდა უკვე კენჭისყრა შესწორებებზე, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ოპოზიციის ყველა შესწორებას, ჩვენ ჩვენი მხრივ მხარი დავუჭირეთ ევროპარლამენტარების შესწორებას და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა როგორც ქართული ოპოზიციის, ასევე ევროპარლამენტარების შესწორებები, ამიტომ საბოლოო დოკუმენტი ვერ იქნა მიღებული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა იმ შესწორებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც როგორც ოპოზიციამ, ასევე ევროპარლამენტარებმა შეიტანეს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დოკუმენტში უნდა ასახულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილების საჭიროება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათ შორის ზეწოლა მედია მენეჯერებზე - ნიკა გვარამიას და ავთანდილ წერეთლის საქმეები.

„ეს შეეხებოდა საარჩევნო სისტემას ანუ რომ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში პარლამენტის არჩევის წესი ისე, რომ ნდობა აღდგეს არჩევნების მიმართ. შესრულდეს ვალდებულებები, რომელიც აღებულია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე საუბარი იყო პოლიტიკურ დევნაზე, გიგი უგულავას საქმეზე, მაგრამ არა მხოლოდ მოხსენიებული იყო შესწორებებში ასევე გიორგი რურუას საქმე, ნიკა მელიას საქმე, ნიკა გვარამიას საქმე, ტვ პირველი მფლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე... ასევე მნიშვნელოვანი დამატება იყო ანაკლიის პორტზე, ის, რომ პროექტის ჩავარდნა საფრთხეს უქმნის ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი