
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით საერთო ჯამში, რუსმა ოკუპანტებმა ღამით, უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.
"25 ივნისის ღამეს რუსეთის ჯარებმა მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე. ჯამში ორმოცდაათზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლა: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაზგასმულია, რომ პირველად ბელარუსის ტერიტორიიდან მტერმა გამოიყენა Tu-22M3 შორ მანძილზე ბომბდამშენები, ასევე განაახლა ისკანდერის ოპერატიული და ტაქტიკური სისტემების გამოყენება ამავე ქვეყნის ტერიტორიიდან.
სამხრეთის მიმართულებით ოკუპანტები იყენებდნენ ონიქსის რაკეტებს. სარდლობის განცხადებით, X-22, ონიქსი და ისკანდერის რაკეტები რთული სამიზნეებია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ოკუპანტებმა 24 რაკეტა გაუშვეს ჟიტომირის მიმართულებით. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ჯარისკაცი. დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურაც.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამ რაიონში 10 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.