"ქართული ოცნების" დეპუტატ ბეჟან წაქაძეს საკუთრებაში 11 მილიონი ლარის უძრავი ქონება აქვს. მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დეპუტატი ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექციონერია.
წაქაძეს 2013-2019 წლებში 676 500 ლარად 8 ფერწერული ტილო აქვს შეძენილი. ყველაზე ძვირი 165 000 ლარი მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს „პრინცესაში“ გადაიხადა.
დეპუტატის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერწერული ნამუშევარი, სტალინის მიერ დახატული „თაიგულია“. დეპუტატმა საბჭოთა დიქტატორის ნახატში 66 ათასი ლარი გადაიხადა და ტილო ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მდიდრულ სახლში აქვს ჩამოკიდებული.
9 მიწის ნაკვეთი; 4 ბინა, მათ შორის კიევში; 3 აგარაკი მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში, წავკისში და ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში; 5 ავტოფარეხი, ტერასა, სახელოსნო და დამხმარე ნაგებობა.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევეა ისიც, რომ 2017 წელს წაქაძემ მაუზერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ხის ჩასადებით 37 950 ლარად შეიძინა. მდუმარე დეპუტატის საკუთრებაა 2015 – 17 წლებში შეძენილი რენჯროვერისა და მერსედესის მარკის ძვირადღირებული ავტომობილებიც, რაშიც წაქაძემ ჯამში მილიონ სამასი ათასი ლარი გადაიხადა.
ბეჟან წაქაძე ე.წ. მდუმარე დეპუტატებს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ არ სვამენ კითხვას, აზრს არ გამოხატავენ და არ გამოდიან სიტყვით. ქართული ოცნების გუნდი მდუმარე და მილიონერი დეპუტატების რაოდენობით ლიდერია.
კანონმდებლების ნახევარს მთელი წელი მიკროფონი გამორთული, კაბინეტის კარი კი დაკეტილი აქვთ. ასეთებს, მმართველი გუნდი საჭიროების დროს, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, მხოლოდ წითელი და მწვანე ღილაკების გამოყენებას სთხოვს. მდუმარე დეპუტატების უმეტესობა მილიონობით ლარის ქონებას ფლობენ და ეს ქონება წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება.
სახელმწიფო კი მათ დუმილსა და საჭირო დროს მხარდაჭერაში ყოველ თვე 3 500 ლარს უხდის, ოცნებას საშუალოდ 14 მდუმარე დეპუტატი ჰყავს და წელიწადში მათი შენახვა 2 მილიონი ლარზე მეტი ღირს. მათი უმრავლესობა არის მაჟორიტარი და მათი ბიუროების შენახვა ყოველწლიურად ქვეყანას მილიონობით ლარი უჯდება.