საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსულ ოკუპაციას მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, გარკვეული დოზით ახსენებს, ამ შემთხვევაში ისევ შიშის დათესვისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯბოქსი უცვლელია, მოქალაქეებს ომით აშინებს და შანსს არ უშვებს დამამცირებლად მოიხსენიოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
ყველასთვის ნაცნობი კადრები, რომლებსაც ღარიბაშვილი „ფორთხვას“ უწოდებს, 2008 წლის 11 აგვისტოს ყველაზე ცხელ წერტილში, საომარ ზონაშია გადაღებული. მასალა უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს და გაავრცელეს, როგორც ფაქტი, როცა ქვეყნის მთავარსარდალი საომარ ზონაშია და ცაზე მტრის ბომბდამშენები გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
როდესაც ჯერ ისევ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გორიდან საერთაშორისო მედიას ინტერვიუს აძლევდა საჰაერო თავდასხმის საშიშროება შეიქმნა და დაცვამაც პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედა. ევაკუაციის მცდელობა იმ დროს, როცა, გორის თავზე რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ, სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა ოცნების პროპაგანდამ ეს ერთი კადრი თავისი პიარისთვის გამოიყენა.
პრემიერი, რომელიც ომის პირობებში ცხელ წერტილში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიმხდალეში ადანაშაულებს, თავად საოკუპაციო ზოლზე, მოჩვენებითი მშვიდობის დროსაც არასდროს ყოფილა, არც თავისი ინიციატივით და არც მაშინ, როცა საქართველოში ჩამოსულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენგურის ხიდზე წასვლა მოისურვა. მას არც პრემიერი გაჰყოლია, არც თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა მინისტრები. უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდთან მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მიაცილა.
საოკუპაციო ზოლზე არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილა, უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძეს საერთოდ არ ესმის იქ რატომ უნდა ჩასულიყო.
ლუდა სალიამ ხურვალეთში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულ ოკუპანტებს გუშინ მიმართა, რუსი ფორმიანები ქართულ სოფელთან ძალიან ახლოს ინფრასტრუქტურას აწყობენ, მაგრამ როგორც ჩანს ამაში ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს.
სოფელი ხურვალეთი მთელმა მსოფლიომ ვანიშვილების ოჯახის წყალობით გაიცნო, ყველამ გაიგო, რომ მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობდა კაცი, რომელიც ოკუპაციას სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეგუებია. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები დათა პაპას არ იცნობდნენ, ისინი ხურვალეთში არც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩასულან. ახლა მავთულხლართებს მიღმა მხოლოდ დათას მეუღლე ცხოვრობს.
მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტი შეიცვალა, ოკუპანტები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. საგუშაგო ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან ძალიან ახლოს მოაწყვეს, აქ ყველაზე ხშირად მწყემსებს იტაცებენ, მაგრამ მესაქონლეობა ადგილობრივების ერთადერთი შემოსავალია, ამიტომ კირბალელებს სხვა გზა არ აქვთ, თავს საფრთხეში ყოველ დღე იგდებენ.
უკანონო ბორდერიზაცია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია შესული, ამას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, თუმცა ქვეყნის პირველი პირები ამას საკუთარ პრობლემად სულაც არ აღიქვამენ.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი