
კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, რომელიც გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, მძიმე ვითარებაა. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა პირებმა 1 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, რომლის შვილიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. 7 წლის გოგოს სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ რამდენიმე დაშავებული.
"ამ დროისთვის ერთი დაღუპულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მისი შვილი გადავარჩინეთ. პუტინის ლაჩრული ომის გამო ბავშვი დაობლდა", - თქვა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.
რთული მდგომარეობაა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც. გასულ ღამეს დაიბომბა ქალაქი ხარკოვი. სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი საავადმყოფო განადგურდა. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
გარდა ამისა, მძიმე სიტუაცია უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სევეროდონეცკში, რომელსაც ახლა რუსი აგრესორები აკონტროლებენ.
"ქალაქ სევეროდონეცკს ბოლომდე რუსები აკონტროლებენ, ცდილობენ ქალაქში "რუსული წესრიგი" დაამყარონ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქის ზედამხედველად თავიანთი ადამიანი დანიშნეს. რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, ის ბოლომდე განადგურებულია, შეუძლებელია რაიმე აღადგინო. ჩვენი არმია ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქი დაიბრუნოს. აზოტის ქარხნიდან ადამიანები ნელ-ნელა გამოდიან და რუსები მათ თავიანთი პროპაგანდისთვის იყენებენ. ჩვენმა სამხედროებმა ქალაქის შემოგარენი გაამაგრეს. შეეცდებიან, მტერს ახალი პოზიციებიდან შეუტიონ და ქალაქი გაათავისუფლონ", - ამბობს სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტრიუკი.
ასევე იხილეთ: