„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ის გიგი უგულავას მსგავსად დააკაონ.
ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არჩევნებისთვის ოპონენტები გაანეიტრალოს.
ნიკა მელიას ასევე, კითხვები აქვს მისი საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, ვეფხია ლომიძე სასამართლოში არსებულ კლანთან დაახლოებული პირია და ის უსიტყვოდ ასრულებს დავალებებს.
აქედან გამომდინარე, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მოსამართლე არა სამართლიან გადაწყვეტილებას, არამედ იმ განაჩენს გამოიტანს, რასაც დაავალებენ.
„აქ ხომ არანაირი მართლმსაჯულება არ ხორციელდება. უბრალოდ ერთი sms შეტყობინებით ან წინა დღით მიღებული გადაწყვეტილებით გამოიტანს ვითომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ბატონი ლომიძე... 7 წლის განმავლობაში იხილავდა სასამართლო ამ საქმეს და გამამართლეს და ახლა მოულოდნელად, გუშინ შევიტყეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი, რას უნდა ელოდებოდე, ან რა თქმა უნდა, პატიმრობას 10 მარტს ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე დახვდება და რას გადაწყვეტს, კაცი-შვილმა არ იცის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება რომ კანონდარღვევა არ არის, ამაზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კითხვის ნიშნებს უჩენს ის ფაქტი, რომ საქმეს არა მოსამართლეთა კოლეგია, არამედ ერთი მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს. მისი თქმით, ლომიძე კლანთან დაახლოებული პირია, რის გამოც, ის უვადოდ გაამწესეს სასამართლოში.