"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მისი თქმით, "აქციების მიუხედავად" ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა გუნდს დაწყებული აქვს.
"ჩვენ მიუხედავად ამ აქციებისა, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ ყველაფერზე და როგორც აქამდე ყოველ წელს და ეტაპობრივად ვუახლოვდებოდით ევროკავშირს, ასევე გავაგრძელებთ წლის ბოლომდე ამ პროცესს.
[ღარიბაშვილის გადადგომას] ამ მოთხოვნას არ აქვს საფუძველი, ეს მოთხოვნა ერთადერთი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას და მხოლოდ და მხოლოდ რადიკალურ მიზნებს, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყანა ასეთი მნიშვნელოვანი, ისტორიული პერიოდის დღეებს გადის", - თქვა წილოსანმა.
სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.