ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.
არახამიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
დავითაშვილის თქმით, არახამიამ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.
"ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ, რაც ითქვა აბსოლუტურად არასერიოზულია, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ამას საქართველოს პრემიერმინისტრი განსაკუთრებით კარგად ახერხებს, ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის, ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ის, რა თქმა უნდა, იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას.
რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც ადრეც მოგვისმენია, წინა შემთხვევებში ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი" - თქვა მან.
ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები. დავითაშვილმა თქვა: "ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".
ამავე თემაზე: