შეხვდება თუ არა გიორგი გახარია სერგეი ლავროვს - რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ამავე ღონისძიებაზე იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პრემიერი და სერგეი ლავროვი ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან. თუმცა, მანამდე, ლავროვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა არაფორმალურად.
მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე კი რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას საქართველოს მთავრობის მისამართით რამდენიმე მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა. მათ ხელისუფლებას ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსული დელეგაციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მოსთხოვეს.
ოპოზიციაში ლავროვი-გახარიას შესაძლო შეხვედრას ეხმაურებიან და არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისევ რუსულმა მხარემ გაასაჯაროვოს, როგორც ეს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ მოხდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ჩუმად შეხვედრების ტრადიცია გაგრძელდება, რაც რუსული ინტერესების ქვეყანაში გატარებას მოემსახურება.
ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ოკუპანტთან საუბარი შეიძლება, თუმცა, ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესების საზიანოდ არ უნდა იმოქმედონ.
„მტერთან და მტრულ სახელმწიფოსთანაც არის მოლაპარაკება საჭირო, მაგრამ ამ კონტექსტში და ამ ფორმატში ჩამოშვება ოკუპანტი, მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, არის ფუნდამენტური შეცდომა, მავნებლობა და ღირებულებითი პრობლემა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ იმ ზღვარზე, სადაც რაღაც გარღვევა შეიძლება მოხდეს... ამ პირობებში მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის არის სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ პრინციპში ყველაფერი წესრიგშია და ეს სიგნალი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
ლავროვის ვიზიტის თავიდან აცილება რომ შესაძლებელი იყო, ამაზე ისაუბრა ასევე პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, თბილისის ნაცვლად მინისტერიალი შესაძლებელი იყო, რომ სტრასბურგში ჩატარებულიყო.
ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ლავროვის შემოშვებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვება, რასაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს.