პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, მოთხოვნა, დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი. მისივე თქმით, ამას ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება, ვინაიდან არჩევნებზე საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" ჰქონოდა.
"ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. არაფერი არ იცვლება, ისევ სამწუხაროდ რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა და მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, იგივე სახეებს ვხედავთ იგივე მოწოდებებით. [...] დემოკრატია მუშაობს არჩევნებით, არჩევნებზე როგორც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ამას უნდა მიჰყვეს ყველა იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ, ამას ჰქვია დემოკრატია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, დემოკრატიას ჩვენ ქვეყანაში გვერდს ვერავინ აუვლის და ძალაუფლების მიტაცებას ვერც ამ მოთხოვნის ავტორები შეძლებენ.
სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.