საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს, თუმცა ამ საპარლამენტო განხილვას ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ კანონპროექტში გათვალსწინებული უნდა ყოფილიყო ეუთოს რეკომენდაციებიც, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო კანონში დაშინების, შანტაჟისა და მანიპულაციის ყველა იმ ბერკეტს ტოვებს, რომელსაც ივანიშვილის თანაგუნდელები აქტიურად იყენებდნენ ბოლო წლების განმავლობაში.
მათი თქმით, განხილვაზე შესვლას აზრი არ აქვთ, რადგან მათი შენიშვნები "ოცნებას" არ გაუთვალისწინებია და მთავარი, რაც ხელისუფლებას უნდა გაკეთებინა, ძალადობის, მოსყიდვისა და საარჩევნო უბნებზე ე.წ. მაყურებლების დახვედრების აკრძალვა იყო.
ე.წ. 25 მეტრიანი რადიუსი არის, ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც აშინებენ ამომრჩეველს. საუბარია, რომ ფიზიკურად 25 მეტრის რადიუსში ხელი არ უნდა შეახოო, მაგრამ თვალებით რომ აშინებენ, ფსიქოლოგიურად რომ აშინებენ. მოქალაქეთა ჯიბეებიდან ამოღებული ფულით შემდეგ აფინანსებენ "ქართულ ოცნებას" და კორუფციულად ანაწილებენ ამ თანხებს სხვადასხვა შეღავათიანი ტენდერებით. ეს საკითხები არის ღიად დატოვებული, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველო" აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება გაითვალისწინებს მათთვის საინტერესო საკითხებს, რაც პოლიტიკურ რეკლამას და რეკლამის შინაარსის შეზღუდვას ეხება, განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ.
თუ ეს არ იქნება გათვალისწინებული, არ ვაპირებთ, რომ შირმის როლი ვითამაშოთ "ქართული ოცნებისთვის", რომელსაც იმის წარმოჩენა უნდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები გაითვალისწინა, - აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.
მისი თქმით, ისედაც ყველამ იცის, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას აპირებს.