
უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და აგრესორი ქვეყანა დასაჯოს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მიმართა გაეროს, გარიცხონ რუსეთი უშიშროების საბჭოდან და გენერალური ასამბლეიდან, ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად კი საერთაშორისო ტრიბუნალი შექმნან.
"უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ რომ რუსეთმა პასუხი აგოს ტერორიზმის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტერორისტულ აქტივობას ევროპისა და აზიის სხვა სახელმწიფოებშიც გადაიტანს. ბევრმა უკვე მოისმინა ასეთი მუქარები რუსი ჩინოვნიკებისგან. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ კრემენჩუგზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. გაერო-ს წესდებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობის მხარდაჭერის პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების საბჭოდან გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 27 ივნისს , ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე მიტანილ რუსულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა, ბევრი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.