კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ილაშქრებს

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ილაშქრებს. კახა ბექაურის უწყება "ფეიბუსქისადმი" გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება და ტროლების წინააღმდეგ სამოქალაქო სექტორის გააქტიურების საპასუხოდ, ქართული ტელევიზებისგან დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას მოითხოვს.   

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებული განცხადება დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. კახა ბექაურს წარსულშიც არაერთხელ უცდია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ გალაშქრება და როგორ ჩანს, ამჯერადაც იმავეს აპირებს.

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ტელეკომპანია "მთავარი არხი". კომპანიის იურისტის განმარტებით, ბექაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "მთავარი არხისა" და "რუსთავი 2-ის" ადრინდელი მენეჯმენტის ყველა შემოსავლის წყარო სრულად ასახულია მარეგულირებელ კომისიაში.

მიზეზი, რის გამოც "რუსთავი 2-ის" წინა მენეჯმენტმა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა გაასაჩივრა, ის გახლდათ, რომ ბექაურის უწყება იმაზე მეტ ინფორმაციას ითხოვდა, ვიდრე კანონი კომერციულ არხებს ავალდებულებს.

პირველ რიგში, ეს განცხადება არის ტყუილი. თითქმის ყველა სიტყვა, რაც იქ წერია, არის ტყუილი და კომისია, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ საზოგადოებას ასეთი ტყუილები მიაწოდოს. მეორე, ძალიან ნიშანდობლივია, რომ "ფეისბუქისთვის" გაგზავნილი მიმართვა, რომელსაც ხელს ვაწერთ რამდენიმე მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაციები, პრობლემური გახდა კომისიისთვის. თუკი კომისია, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ მისი მიზანია პოლიტიკური თანხების გამჭვირვალობა, რატომ არ მიესალმა ამ განცხადებას? - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნას მესამე სექტორიც გამოეხმაურა. მათი თქმით, გაურკვეველია, რას ემსახურებოდა ბექაურის განცხადება, ვინაიდან წერილი, რომელიც არასამთავრობო სექტორმა და მედიასაშუალებებმა "ფეისბუქს" გაუგზავნეს, ეხებოდა მხოლოდ სოციალურ ქსელს, რაც არ შედის კომისიის რეგულირების სფეროში.

აბსოლუტურად სხვა არის, როცა ვლაპარაკობთ ტელევიზიების გამჭვირვალობაზე და აბსოლუტურად სხვა არის, როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებზეც მიბმულია სოციალური ქსელები, - განმარტავს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა "ფეისბუქის" ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, საჯარო გახადონ საქართველოდან შესული პოლიტიკური რეკლამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის ვინაობა, მათი საკონტაქტო მონაცემები და თითოეულ რეკლამაში დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა. 

საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული, დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ "ფეისბუქი" დემოკრატიის მხარეს დადგება, - წერია ღია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი