"შინ ევროპისკენ და წინ ევროპისკენ" - სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმიდან აცხადებენ, რომ 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს.
"დღეს შევიკრიბეთ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები იმისთვის, რომ ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული შანსის დაკარგვას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ნებისმიერი ანტიევროპული გამოსვლა, არის ანტიქართული და მიგვაჩნია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენ ევროპულ ოჯახში დაბრუნება შევძლოთ, ჩვენთვის მიუღებელია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, მიუღებელია ის აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ვისმენთ ევროპელებისა და ევროპული ოჯახის მიმართ. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ და მოვუწოდებთ ყველას, რომ შევუერთდეთ 3 ივლისს თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე აქციას რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ იქ წყდება დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, "სირცხვილია" 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ მორიგ აქციას გამართავს. სამოქალაქო აქტივისტები და პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ადგილზე გააცნობენ და არ დაიშლებიან მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ. სამოქალაქო მოძრაობის გეგმას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც უერთდება.