ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ოპოზიციის ბოიკოტი საარჩევნო კოდექსის განხილვისა და კენჭისყრის მიმართ გაუგებარია. არჩილ თალაკვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე ისინი გააკრიტიკა.
როდესაც საქართველოს პარლამენტი იყო გადასული საგანგებო რეჟიმში, მახსოვს ისინი გვსაყვედურობდნენ, რომ პარლამენტი რატომ არ მუშაობს, უნდა მოვიწვიოთ სხდომები, რატომ ვკარგავთ დროს. ამ ფონზე დღეს მით უფრო ცინიკური და ღიმილისმომგვრელია ამ პარტიების ქცევა, არც განხილვებში მონაწილეობენ, არც ბიუროს სხდომაზე, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო უბნების ირგვლივ უსაფრთხო რადიუსის შენარჩუნების პრაქტიკული აღსრულება მხოლოდ 25 მეტრშია შესაძლებელი.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ძალადობა არ ისჯება, მოსყიდვა არ ისჯება?! განსაკუთრებით, არჩევნების ფარგლებში. გიდასტურებთ, რომ ყველა ეს საკითხი, შესაბამისი რედაქციით ასახულია კანონში და ექვემდებარება აღსრულებას, - განაცხადა ოხანაშვილმა.
საარჩევნო კოდექსის განხილვა უკვე მიმდინარეობს სხდომათა დარბაზში. კანონპროექტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს.