"ოცნებიდან" წასულები ისევ რევოლუციაზე ლაპარაკობენ და ამტკიცებენ, რომ ოპოზიციას 2 სცენარი იყო ჰქონდა შემუშავებული - მოკლევადიანი და გრძელვადიანი. ხუნდაძე, ყაველაშვილ, სუბარს "რევოლუციურ სცენარში" ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც ჰყავთ დასახელებული:
"მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.
მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.
ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ.
იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს.
უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო." წერენ "ოცნებიდან" წასულები.