
2015 წელს, საფრანგეთში, პარიზის ტერაქტზე პასუხისმგებელი ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, სალაჰ აბდესლამი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს.
საფრანგეთის ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სასამართლო პროცესი 9 თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა, საქმეზე სალაჰ აბდესლამის გარდა კიდევ 19 პირს ასამართლებდნენ, მათგან ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს, დანარჩენები კი დამნაშავედ.
ცნობისთვის, ტერაქტი პარიზში 2015 წლის ნოემბერში, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში, საფრანგეთის საფეხბურთო სტადიონსა და კაფეებში მოხდა. თავდასხმას 130 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (IS) აიღო.
აბდესლამი 32 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. მას ბრალი წაუყენეს მთელ რიგ დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობისთვის, გატაცებასა ტერორისტულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.
ტერაქტში მონაწილე დანარჩენი 9 პირიდან ნაწილი ტერაქტის ღამეს პოლიციამ მოკლა, ნაწილმა კი თავი აიფეთქა. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, თავის აფეთქებას გეგმავდა აბდესლამიც, თუმცა საბოლოოდ, ჟილეტი, რომელზეც ბომბები იყო დამაგრებული არ აფეთქდა.
5 თვიანი მიმალვის შემდეგ, ის ბელგიაში 2016 წელს დააკავეს. დაკავებისას მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც მას უკვე მისჯილი ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პარიზის ტერაქტის საქმის დანარჩენ 19 ბრალდებულს ბრალად ედებოდათ ლოჯისტიკაში ან ტრანსპორტირებაში დახმარება. მათგან ექვსი დაუსწრებლად გაასამართლეს - ერთი თურქეთში ტერორისტული ბრალდებით არის დაპატიმრებული, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, სირიაში ან ერაყში დაიღუპნენ.