საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობისთვის სანქციების დაკისრებას კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩარლზ ფლიშმანი უერთდება. საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკა კი დღის განმავლობაში არ წყდებოდა.
კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთელი დელეგაცია სტრასბურგიდან თბილისში პოლიტიკური მარცხით ბრუნდება. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში თანამშრომლობის კომიტეტმა დეკლარაცია ჩააგდო. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეპრესიების ბოლო ტალღაა.
ევროპარლამენტარებმა უარი თქვა, ხმა მიეცათ დეკლარაციისთვის, სადაც არ იქნებოდა საუბარი ოპოზიციის ლიდერების ციხეში გაშვების, ოპონენტები დევნის და კრიტიკული მედიის შევიწროვების შესახებ.
დეკლარაციის დასამტკიცებლად ევროპარლამენტარების და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ხმების იყო საჭირო. ცალ-ცალკე მხარდაჭერით დოკუმენტი ვერ გავიდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა, რომ დეკლარაციაში საუბარი ყოფილიყო მხოლოდ დადებით მხარეებზე. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავე შესწორებების ინიცირება მოახდინეს, ოპოზიციას მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარებმაც და საბოლოოდ, პირველად საქართველოს ისტორიაში, დოკუმენტი სტრასბურგში ჩავარდა.
„ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ ევროპარლამენტარების გადარწმუნებას შეძლებდა, ამ მისიით სტრასბურგში „ქართული ოცნების“ ლიდერები გააგზავნეს, თუმცა ორდღიანი მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ „ქართული ოცნება“ ყველა შეხვედრიდან პოლიტიკური სილით გამოდიოდა.
„ოცნებიდან“ დემარშით წამოსული დეპუტატები, რომლებიც წლების წინ ამავე კომიტეტზე ხელისუფლებს ინტერესებს იცავდნენ, ამბობენ, რომ კრიტიკის ასეთი კორიანტელი არც კი ახსოვთ.
დეკლარაციის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები ლაპარაკის ხასიათზე აღარ იყვნენ. საკუთარი დიპლომატიური კრახი დღეს მმართველმა გუნდმა ისევ ოპოზიციას გადააბრალა.
მძიმე პოლიტიკური დღეები „ქართული ოცნებისთვის“ დღეს არ დასრულებულა. მარტში თბილისში ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ჩამოდის. მან უნდა შეამოწმოს ადგილზე დემოკრატიის ხარისხი და პასუხი გასცეს კითხვას, მიდის თუ არა საქართველო ისევ ევროპისკენ. წინასწარ პროგნოზი ქართული ოცნებისთვის მძიმეა, არსებულ რეალობაზე ევროდეპუტატის დასკვნა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მწვავე იქნება.
გზავნილებს ევროპიდან და ამერიკიდან „ქართული ოცნება“ არ აღიარებს. მმართველი პარტია ოპოზიციას აბრალებს იმ კრიტიკულ წერილებს, რომელიც ივანიშვილის მთავრობის სახელზე თითქმის ყოველ დღე ამერიკიდან და ევროპიდან მოდის.