ხმაურია ამ წუთებში ხონის ცენტრში, სადაც სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებს კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ ხონის მერიიდან თანამშრომლები მივიდნენ.
ერთ-ერთმა ქალმა ჟურნალისტს უთხრა, რომ "შეკვეთით ჩასვლა" არაა საჭირო და რომ ევროპული გზა ისედაც ერთადერთი გზაა. მან რეპორტიორს მიუთითა სკვერზე და უთხრა, რომ ხონში ევროპული გარემოა.
"არანაირი მერიიდან, ეს თქვენი აზრია, თორემ მე მერიაში არ ვმუშაობ. გასაგებია თქვენ როგორი ჟურნალისტებიც ხართ, თქვენ შეკვეთილ დაკვეთებს აკეთებთ, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებით. აი ჯერ შეხედეთ, სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა. ღონისძიებას ვინ ატარებს იცი?! პირველი არხი, მთავარი არხი, ეს არის რადიკალური ჟურნალისტები ხართ თქვენ, განსხვავებული აზრები გაქვთ. ევროპაა ჩემი არჩევანი, მოუსმინეთ ხალს, ესენი არ მინდა, შეკვეთილად ჩამოსვლა არ მჭირდება, ევროპული გზა ჩვენი გზა არის", - თქვა მერიის თანამშრომელმა.
მოგვიანებით, იმავე პიროვნებამ დაადასტურა, რომ მერიაში მუშაობს, მაგრამ თქვა, რომ დღეს "გათავისუფლებულია":
"მე ვიყავი საქმეზე მერიაში, მე დღეს განთავისუფლებული ვარ, სპეციალისტი ვარ, ვმუშაობ იქინე კიბატონო, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვარ სახლში, ბავშვი შეგვეძინა და მივდიოდი ქუთაისში, შემთხვევით შემხვდნენ ეს ქალბატონები".
ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისშიც, თსუ-ს "მაღლივ კორპუსში".