დაპირების მიუხედავად, რომ სოციალური აგენტების ანაზღაურება გაიზრდება, ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან მაინც გრძელდება.
სამეგრელოში მივლინებულმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიზერული ანაზღაურებით უკმაყოფილო აგენტები დახურულ კარს მიღმა შეკრიბა და დაემუქრა, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურიდან გაუშვებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, მინისტრის მოადგილეები ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სოციალურ აგენტებთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ჩატარდა დღეს ზუგდიდში, რომელსაც სოციალური აგენტებთან ერთად, მინისტრის მოადგილე და სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე სოციალურ მუშაკებს სამინისტროს შეთავაზებები გააცნეს, რომელთა მიხედვით, სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასები იზრდება 250 ლარამდე, მათი ხელშეკრულებები კი უფრო გრძელვადიანი ხდება. მიუხედავად ამისა, სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
სოციალური აგენტები ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე არჩევნებზეც იყო საუბარი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სოციალურ მუშაკებს აქვთ მითითება, რომ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს მაღალი ქულები მიანიჭონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.
მოლაპარაკებების დაწყება უფლებადამცველების გარეშე კითხვის ნიშნებს ბადებს სამოქალაქო სექტორში. "სოლიდარობის ქსელის" განმარტებით, პროცესის მათ გარეშე წარმოება ადასტურებს ვარაუდს, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე.
ის, რომ ისინი იურისტის და პროფკავშირის გარეშე ხვდებიან ამ ადამიანებს, უკვე აჩენს ეჭვს, რომ იქ გარკვეულწილად არის ზემოქმედების საშუალება დამსაქმებლის მხრიდან, - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" იურისტი დავით ომსარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა აგენტებმა 3 ივლისიდან გაფიცვა დააანონსეს. მათი საბოლოო გადაწყვეტილება დღეს საღამოს გახდება ცნობილი.