"შინ ევროპისკენ" საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს თელავში "ოცნებამ" საჯარო მოხელეები დაახვედრა. სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას ეწევიან, ხელისუფლება კი მათ პარტაქტივს უპირისპირებს უკვე მეორე დღეა. თელავში დღეს მოსახლეობასთან შესახვედრად და ევროპულ სიკეთეებზე სასაუბროდ ბუკა პეტრიაშვილი და ლაშა ბუღაძე ჩავიდნენ, თუმცა ადგილზე მათ გარდა ოცნების მხარდამჭერებისა, ალტ ინფოს წარმომადგენლებიც დახვდნენ.
თელავის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
თელავის საკრებულოს წევრებმა, ალტ ინფოს წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მუზეუმის ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს.
მათი განცხადებით, პროტესტის მიზეზი ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებაა, რითაც კახელებს და მთლიანად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრები მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მაინც ჩაატარეს. მათი განცხადებით, წინააღმდეგობა ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი კამპანიაა და მას ევროპულ კურსთან საერთო არაფერი აქვს.
"შინ ევროპისკენ" კამპანიის ჩატარებაში პეტრიაშვილს ხელს უშლიდნენ ალექსანდრე შათირიშვილი - თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილი, რომელსაც "ოცნება" ხშირად იყენებს კონტრაქციებში ცოცხებითა და ყავარჯნებით ხელში.
ასევე ნიკო ლაშხი, რომელიც ოცნების აქტიური მხარდამჭერია.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე: