გენდერული კვოტები პროპორციულ სიაში - ერთადერთი საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში დეპუტატებისთვის საკამათო აღმოჩნდა.
უმრავლესობის ნაწილი ამბობდა, რომ ადამიანების ქალებად და კაცებად დაყოფა დაუშვებელია და ყველა ადამიანი იმის მიხედვით უნდა ხვდებოდეს სიაში, რამდენად კომპეტენტური და პროფესიონალია.
ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები იზომებიან თავიანთი კვალიფიკაციით და თავიანთი ცოდნით და არ ფიქრობს, რომ საზოგადოება ქალებად და კაცებად, ან ცოლიანებად და უცოლოებად უნდა დაიყოს.
საარჩევნო ცვლილებების ავტორმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გენდერული კვოტირების შემოღება რაციონალური გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება კომპეტენციას, ვერავინ ვერავის დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში 30 კომპეტენტური ქალი არ არის, რომელიც არის პარლამენტში დეპუტატობის ღირსი, - განაცხადა მან.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ჩანაწერი თანაბრობის და თანასწორობისკენაა მიმართული.
"ევროპული საქართველო" ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსის ეს ცვლილებები კვოტირებასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს თანაბრობის ღირსეულ პრინციპებს.
ამ შემოთავაზებული კვოტირების სისტემით, ის მთავარი პრობლემა, რაც არის საზოგადოებაში ქალების დისკრიმინაცია ხშირად და მათი ნაკლებობა პოლიტიკაში, ვერ გვარდება. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება პრობლემის სათავესთან ბრძოლა და არა ასეთ ხელოვნური, დროებითი ზომების შემოღება, - აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.
პარლამენტის კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ კვოტირების თემა წინააღმდეგობრივი საკითხია.
ეს ახალი საკითხი არ არის, თითქმის ყველა საზოგადოებაში, სადაც ან არის ან არ არის, ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მიუხედავად იმისა, რომ ის იდეალური მექანიზმი არ არის და ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, ის მაინც ეხმარება საზოგადოებას და ქალებს პოლიტიკური მონაწილეობის გასამარტივებლად, - თქვა მან.
შესაბამისად, ჩუგოშვილმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის იმ ცვლილებას, რომელიც ქალთა კვოტირებას ითვალისწინებს.