გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვს ერთმანეთთან კვეთა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ექნებათ. საქართველოს პრემიერი უკვე გერმანიაშია, ლავროვი ღამით ჩადის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გახარია და ლავროვი ერთ ღონისძიებაზე აღმოჩნდებიან.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთვარობის მეთაური შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ რუსეთის პირველ დიპლომატთან არაფორმალური შეხვედრა ჰქონდეს.
„ქართულ ოცნებას“ უჭირს იმის მტკიცება, რომ ლავროვს და გახარიას ერთმანეთთან კვეთა არ ექნებათ. „ოცნების“ წარმომადგენლები დღეს მხოლოდ იმას ამტკიცებდნენ, რომ შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ არის.
კულუარული შეხვედრები რუსეთის ხელისუფლებასთან „ქართული ოცნების“ ხელწერაა, ასე მოიქცა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სექტემბერში, როდესაც გაეროში ჩასულ სერგეი ლავროვს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. ქართულმა მხარემ ამ შეხვედრის ამბავი მაშინ დამალა და რუსულ პრესას რომ არ დაეწერა, ვერავინ გაიგებდა, პუტინის და ივანიშვილის წარმომადგენლები აუდიენციის შესახებ.
ვიდრე გახარიას და ლავროვს ერთმანეთთან კულუარული საუბრის შანსი მიეცემათ, რუსეთმა სათქმელი თბილისს პრესის საშუალებით უთხრა. „რია ნოვოსტიმ“ ლავროვის მოადგილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, ანდრე რუდენკომ თბილისს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა, მოსკოვი მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე, რუსული დელეგაციისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემების თავიდან აცილება ევროსაბჭოს მინისტრების შეხვედრის სტრასბურგში გამართვით შეუძლია.