მორიგი ნაღმი, რომლის ჩაწერას "ქართული ოცნება" საარჩევნო კანონმდებლობაში ცდილობს. ირკვევა, რომ მმართველ გუნდს სურს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კერძო ტელეკომპანიების ფინანსების შემოწმება დაავალოს. "ქართული ოცნების" ეს ინციატივა კი მიუღებელი აღმოჩნდა ყველასთვის, მათ შორის აუდიტის სამსახურისთვისაც კი, რომლის მანდატიც სახელმწიფო ფინანსების კონტროლია და საქმე ისედაც თავზესაყრელად აქვს. საკანონმდებლო ცვლილებები კი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
ამ წუთებში საარჩევნო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს. კანონმდებლები ჯერჯერობით ამ კონკრეტულ პუნქტზე არ მისულან, შესაბამისად ახლა რთულია იმაზე საუბარი, დარჩება თუ არა ეს პუნქტი არსებული რედაქციით.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება ერთგვარად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ, დააკნინონ საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტის, აუდიტის სამსახურის რეპუტაცია, მეორე მხრივ კი ისინი წინასაარჩევნოდ მედიასაშუალებების გაკონტროლებას ცდილობენ.
მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ჩანაწერი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით გაკეთდა, თუმცა, მათი თქმით, რადგან რეზონანსი არის საკმაოდ დიდი, შესაძლოა, საბოლოო ფორმაში ეს ჩანაწერი აღარ იყოს.