ქუთაისში, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრების საინფორმაციო კამპანიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და მოსახლეობასთან ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, მათ მოქალაქეებს განუმარტეს, რატომ უნდა მივიდნენ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე.
"ქუთაისი ყოველთვის იყო ევროპული ქალაქი. ძალიან ბევრი იდეა ევროპიდან სწორედ ქუთაისის გავლით შემოდიოდა. ვმონაწილეობ კამპანიაში, ვაცნობ მოქალაქეებს, რა არის ევროპის კავშირი. კანდიდატის სტატუსის მიღების დღიდანვე, ნახავთ, რომ საქართველოში დაიწყება რეფორმების ტალღა, განვითარდება ინფრასტრუქტურა, გახდება ბევრად უფრო უკეთესი ქვეყანა. ამას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ საქართველოს მოქალაქეები. შესასრულებელია ის 12 პუნქტი, ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული", - თქვა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტმა, გია ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საერთო სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა მართავენ.